სამშაბათი, მარტი 19, 2024
   
Text Size

თენგიზ ფხალაძე - აზერბაიჯანმა დაიბრუნა ტერიტორიების ნაწილი, მაგრამ ყველაზე დიდი სარგებელი მიიღო რუსეთმა, რითაც გაცილებით მეტი ზემოქმედების ბერკეტი ჩაიგდო ხელში

თენგიზ ფხალაძე - აზერბაიჯანმა დაიბრუნა ტერიტორიების ნაწილი, მაგრამ ყველაზე დიდი სარგებელი მიიღო რუსეთმა, რითაც გაცილებით მეტი ზემოქმედების ბერკეტი ჩაიგდო ხელში

დღეს აზერბაიჯანმა დაიბრუნა ტერიტორიების ნაწილი, მაგრამ ყველაზე დიდი სარგებელი მიიღო რუსეთმა, რითაც გაცილებით მეტი ზემოქმედების ბერკეტი ჩაიგდო ხელში, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა, ჯიპა-ს ასოცირებულმა პროფესორმა, თენგიზ ფხალაძემ განუცხადა.

როგორც ფხალაძე აღნიშნავს, ყარაბაღის კონფლიქტი ამით არ დამთავრებულა. ამასთან, საქართველოსთვის არსებული სიტუაცია დამაფიქრებელი უნდა იყოს.

"ახალი სურათი მივიღეთ რეგიონში გუშინდელის მერე. რუსეთმა მშვენივრად მოირგო სამშვიდობოს მანტია. რეალურად მოხდა ის, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები დაბრუნდნენ აზერბაიჯანში. ჰეიდარ ალიევის დროს ხელი მოეწერა შეთანხმებას გაბალაში სამხედრო სადგურის დახურვის შესახებ და მას შემდეგ რუსეთის სამხედრო ობიექტები აზერბაიჯანში აღარ არსებობდნენ. დღეს მათ მიიღეს ის სტატუსი, რაც მათ საშუალებას აძლევს შევიდნენ აზერბაიჯანში. გუშინ, შეთანხმების ხელმოწერიდან რამდენიმე საათში სამშვიდოების ტერიტორიაზე შევლა ნიშნავს იმას, რომ ამისთვის რუსეთი დიდი ხანია ემზადებოდა. თავისთავად ცხადია, რომ რუსეთმა მნიშვნელოვანი სარგებელი მიიღო, მიიღო ის, რაც მას სჭირდებოდა. კერძოდ, ის, რომ აზერბაიჯანის დღევანდელი ხელისუფლება ვალშია რუსეთთან. მეორე მხრივ, მან დაანახა სომხეთს, რომ მცდელობები, გამოსულიყო რუსეთის გავლენის სფეროდან, ფაშინიანს არ გამოუვიდა.

აზერბაიჯანმა კი დაიბრუნა რამდენიმე რეგიონი, რაც ალიევისთვის დიდი პლუსია. საუბარია იმაზე, რომ კიდევ მეტს დაიბრუნებს, რადგან შეთანხმებაში გაწერილია დეკემბრისთვის რა უნდა გადაეცეს აზერბაიჯანს.

დღევანდელ დღეს აზერბაიჯანმა დაიბრუნა ტერიტორიების ნაწილი, მაგრამ ყველაზე დიდი სარგებელი მიიღო რუსეთმა. ამასთან, ყარაბაღის კონფლიქტი ამით არ დამთავრებულა. სამწუხარო რეალობა ეს არის. დღეს გაცილებით მეტი ზემოქმედების ბერკეტი ჩაიგდო რუსეთმა ხელში. როცა ადგილზე მისი სამხედრო კონტინგენტია წარმოდგენილი, მას ნებისმიერ დროს ექნება შესაძლებლობა პროვოკაცია გაათამაშოს. ამის გათამაშება რომ შეუძლია, ნანახი გვაქვს ცხინვალშიც, აფხაზეთსიც და ყარაბაღშიც, მაგრამ აქამდე ყარაბაღში რუსეთი არ იდგა. ეს პროვოკაციები შეუძლია გაათამაშოს როგორც რომელიმე ერთი ქვეყნის, ასევე ორი ქვეყნის წინააღმდეგ.

ვსაუბრობთ ყარაბაღზე და გვავიწყდება ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ამ შეთანხმების, ეს გახლავთ ის ვიწრო დერეფანი, რომელმაც აზერბაიჯანი თავის მოწყვეტილ ნაწილთან, ნახიჩევანთან უნდა დააკავშიროს. ამ დერეფანს ასევე გააკონტროლებენ რუსები, ოღონდ არა შეიარაღებული ძალები, არამედ უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის შეიარაღებული ნაწილები, ესეც მნიშვნელოვანია ამ საერთო კონტექსტში. ამასთან, ის, რომ გუშინ ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, არ ნიშნავს, რომ ეს ხელშეკრულება უზადოდ შესრულდება", - განაცხადა ფხალაძემ.

რაც შეეხება სომხეთს, როგორც ფხალაძე ვარაუდობს, სომხეთში ხელისუფლება შეიცვლება და მოვა გუნდი, რომელიც უფრო მეტად იქნება მორჩილი და შემსრულებელი იმ ნების და ბრძანებების, რომელიც კრემლიდან წამოვა.

"ფაშინიანი უკვე დაისაჯა იმ განცხადებებისთვის, რომელიც მან თავის დროზე გააკეთა და შემდგომშიც სერიოზული შეცდომები დაუშვა, როდესაც რუსეთის და რადიკალების ვითომდა გულისმოგება სცადა, როდესაც გააკეთა განცხადებები, რომ ყარაბაღი სომხეთია. მისმა დაშვებულმა შეცდომებმა მიიყვანა ვითარება შეიარაღებული კონფლიქტის განახლებამდე. ფაშინიანის პოლიტიკური კარიერა ნამდვილად დამთავრებულია, შემიძლია ეს სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო. ვინ აიღებს სომხეთში პასუხისმგებლობას, ეს მეორე საკითხია, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ეს იქნება ის ხელისუფლება, რომელიც დამყოლი და რუსეთის მითითებების შემსრულებელი იქნება", - განაცხადა ფხალაძემ.

რაც შეეხება რეგიონში არსებული სიტუაციის გავლენას საქართველოზე, როგორც ფხლაძე ამბობს ყარაბაღის კონფლიქტი ჩვენთვის ძალიან დამაფიქრებელი უნდა იყოს.

"ჩვენთვის ძალიან დამაფიქრებელია რუსეთის პოზიციების გაძლიერება რეგიონში და კიდევ ერთხელ ნიშანი იმისა, რომ მეტრი ძალისხმევა უნდა გვქონდეს სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობაში, მეტი ძალისხმევა საერთაშორისო დაცვის გარანტიების მოსაპოვებლად და მეტი ძალისხმევა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციისათვის. ამ სიტუაციაში საქართველოს დაცულობის, უსაფრთხოების გარანტია არის ჩვენი წარმატებული თანამშრომლობა დასავლეთთან, წარმატებული ნაბიჯები ნატო-სკენ, რომელიც უნდა მოხდეს. დღეს არ არსებობს არანაირი საერთაშორისო ხელშეკრულება, საერთაშორისო გარანტიები, რომელიც გვიცავს. მეტი აქცენტი უნდა გაკეთდეს შავი ზღვის უსაფრთხოების პროგრამებზე და მეტი თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ნატო-ს სხვა წევრ სახელმწიფოებთან. ეს არის ერთადერთი გარანტია, რამაც შეიძლება საქართველოს მშვიდობა და უსაფრთხოება მოუტანოს. საქართველოს სტრატეგია - ევროპული და ევროატლანტიკური კურსი არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადაიხედოს, უნდა გაძლიერდეს ტაქტიკური ნაბიჯები და გახდეს უფრო ინტენსიური, უფრო სწრაფი, უფრო ეფექტური. გავითვალისწინოთ ის, რომ რუსეთი ძლიერდება რეგიონში და ჩვენ უფრო სწრაფები, მოქნილები უნდა ვიყოთ იმ მიზნის მისაღწევად, რასაც საქართველოს ნატო-ში ინტეგრაცია ჰქვია, ამისთვის კი აქ არსებული სიტუაცია სწორად უნდა ავხსნათ და დავანახოთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს. რუსეთმა შეარჩია ფანტასტიური დრო, როდესაც ყარაბაღისთვის არავის ეცალა, როდესაც ამერიკაში არჩევნებია, როცა გერმანია ემზადება არჩევნებისთვის, როცა მსოფლიოს ყურადღება პანდემიაზეა გადატანილი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი დიპლომატიის აქტიურობა, რომ მაქსიმალურად აქტიურად ვიყოთ წარმოჩენილი მსოფლიოს და ამერიკის ახალი ადმინისტრაციის დღის წესრიგში", - განაცხადა ფხალაძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას.

ცნობისთვის, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის შეთანხმებას ხელი გუშინ მოეწერა. 9-პუნქტიანი შეთანხმება დღედან ცეცხლის შეწყვეტას, აზერბაიჯანისთვის კონკრეტული ტერიტორიების გადაცემასა და ყარაბაღის რეგიონში რუსი სამშვიდოების განთავსებას ითვალისწინებს.

წყარო https://www.interpressnews.ge/

ექსკლუზივი

  • 1
  • 2
  • 3
  • 4

უახლესი პუბლიკაცია

სახელმძღვანელო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ატაშეებისა და წარმომადგენლებისათვის


* * *

Religion as the Instrument of Russian Foreign Policy towards Neighboring Countries
(Georgia, Latvia, Ukraine)

* * *

ჩემი უფლებები და მოვალეობები

* * *

"Soft Power" - რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია საქართველოსთან მიმართებაში

* * *

The Humanitarian Dimension of Russian Foreign policy TOWARD GEORGIA, Moldova, Ukraine, and the Baltic States

 

ICGS მულტიმედია

ჩვენი არხი youtube -ზე

პარტნიორები

 

მთვლელები


Каталог webplus.info

Login Form