პარასკევი, აპრილი 19, 2024
   
Text Size

ფეხს ხშირად სწორ ადგილზე და იქ ვიმტვრევთ, სადაც ამის თავიდან აცილება შესაძლებელია

ფეხს ხშირად სწორ ადგილზე და იქ ვიმტვრევთ, სადაც ამის თავიდან აცილება შესაძლებელია

უკანასკნელ დღეებში ქართული პოლიტიკის აქტუალურ თემებზე "ინტერპრესნიუსი" გეოპოლიტიკური კვლევების ცენტრის თავმჯდომარეს, თენგიზ ფხალაძეს ესაუბრა.

- ბატონო თენგიზ, პრეზიდენტმა სააკაშვილმა ბიძინა ივანიშვილის " ძალიან მძიმე შეცდომად " შეაფასა რუსეთის სპეცსამსახურების რეზიდენტის, ჯავახეთში სომხური სეპარატისტული მოძრაობა " ჯავახქის " ლიდერის, ჩახალიანის ციხიდან გათავისუფლება. ამ ბრალდების საპასუხოდ ივანიშვილმა განაცხადა, რომ " პატიმრების გათავისუფლებასა და დაჭერას არ განსაზღვრავს ". უმრავლესობის ლიდერები ჩახალიანის გათავისუფლებაზე ხმაურს " არც სამართლებრივად და არც პოლიტიკურად " მიზანშეწონილად არ მიიჩნევენ, რადგან ჩახალიანს, ისევე როგორც სხვა პატიმრებს, ამნისტია შეეხო. თქვენ როგორ აფასებთ ჩახალიანის გათავისუფლებას და რამდენად სავარაუდოა, რომ მისი ციხიდან გამოსვლა ჯავახეთში ვითარებას დაძაბავს ?

- ჩახალიანის საქმეზე სრულ ინფორმაციას არ ვფლობ, მაგრამ მასთან დაკავშირებით ზოგიერთი გარემოება კითხვებს ბადებს. მას ამნისტია იმ მუხლების გამო შეეხო, რა ბრალდებითაც იყო გასამართლებული. თუ ჩახალიანი ასეთი საშიში იყო ქვეყნისთვის, წინა ხელისუფლების შეცდომად უნდა მივიჩნიოთ, რომ იგი ამ ბრალდებებით არ ყოფილა გასამართლებული. სამწუხაროა, რომ ჩახალიანის ირგვლივ პიარკომპანიაა აგორებული და არა მარტო საქართველოში. ამ თემაზე რუსულენოვან მედიაში გამოხმაურებები, რბილად რომ ვთქვა, არც თუ ისე სასიამოვნო იყო და საქართველო არც თუ ისე კარგ კონტექსტში იყო მოხსენიებული. თუ ჩვენ ვალდებულები ვიყავით, ეს ადამიანი გაგვეთავისუფლებინა, შეიძლებოდა ისეთი ფორმის მონახვა, რომ აჟიოტაჟი თავიდან აგვეცილებინა. თუ ვალდებული არ ვიყავით, მითუმეტეს გაუგებარია, რატომ არ მოხდა საჭირო საინფორმაციო ველის შექმნა. ჩემი აზრით, ამ თემას გარკვეულიწილად ხელი აშკარად დავაკელით, ყურადღება არ მივაქციეთ. იმდენი რამ ითქვა ჩახალიანის შესახებ, რომ ვითარებაში სრულად გარკვევა ჭირს. ფაქტია, რომ ეს გათავისუფლება ძალიან ცუდი საინფორმაციო კამპანიის ფონზე მოხდა. და ეს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ, რუსულენოვანი მედიის გამოხმაურებას ეხება, ეს უკვე სამართლებრივი საკითხი აღარ არის, ეს პოლიტიკური საკითხია და აქ ჩვენ მეტი ყურადღების გამოჩენა გვმართებდა.

- ხომ არ შეიძლება ვიფიქროთ, რომ სავარაუდოდ სომხური მხარის თხოვნით გათავისუფლებულმა ჩახალიანმა ანტისახელმწიფოებრივი მოქმედება შეწყვიტოს ? ალბათ, მას ისიც ეცოდინება, რომ ამნისტირებულს დანაშაულის გამეორების შემთხვევაში ისევ ციხეში დაბრუნება მოუწევს...

- ყველაფერი შეიძლება, მაგრამ არც ვარაუდის იმედად უნდა ვიყოთ და არც ისაა კარგი, თუ ჩახალიანის გათავისუფლება მართლაც ვინმეს ჩარევით მოხდა. არსებობს საკითხები, რომლებსაც ძალიან ფრთხილი მიდგომა სჭირდება. არ უნდა მივიღოთ ამგვარი გადაწყვეტილება ან ამ ტიპის საქმე სხვანაირ შესწავლას, სხვაგავრი ყურადღების ცენტრში ყოფნასა და მიდგომას საჭიროებს.

- ახალი ხელისუფლების საგარეო კურსის ცვლილებაზე ბევრს საუბრობენ. თქვენი ორგანიზაცია ერთ - ერთი იყო იმ ხუთ ორგანიზაციას შორის, რომელმაც ამ თემაზე სპეციალური განცხადებაც კი გაავრცელა. შეიძლება დაასახელოთ ის ძირითადი არგუმენტები, რომელიც იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ ახალი ხელისუფლების საგარეო კურსი არ არის დასავლური ?

- ძნელად წარმომიდგენია, რომ ხალხის მიერ არჩეულმა ხელისუფლებამ შეგნებულად შეცვალოს ის კურსი, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის სრული უმრავლესობა უჭერს მხარს. ეს სულ მცირე საკუთარ ამომრჩეველთან კონფრონტაციას ნიშნავს. ასეთი რამ წარმოუდგენელია. მეორეა, რამდენად უწყობს ხელს ჩვენ ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას ის ნაბიჯები, რომელსაც ახალი ხელისუფლების პირველი პირები აკეთებენ. ჩვენ შეიზლება გვქონდეს სურვილი, მაგრამ არასწორი ნაბიჯების გამო ავცდეთ იმ გზას, რომელიც ამ სურვილის განხორციელების საშუალებას იძლევა.

ხშირად კეთდება განცხადებები, რომელიც, სულ მცირე, კითხვის ნიშნებს აჩენს, ბადებს ეჭვებს და იძლევა სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციის საშუალებას, რამაც თავის მხრივ შეიძლება გაართულოს არამხოლოდ ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია, არამედ წარმოშვას სერიოზული გაუგებრობა ან პრობლემა უახლოეს მეზობელ-პარტნიორებთან. გავიხსენოთ, ყარსი-ახალქალაქის რკინიგზასთან დაკავშირებული განცხადებების გამო აზერბაიჯანში ვიზიტისას პრემიერ-მინისტრს ბოდიშის მოხდა მოუწია. ამ თემაზე აზერბაიჯანულ პრესაში ატეხილი ხმაური ნამდვილად არ იყო საქართველოსთვის სასიამოვნო. ფაქტობრივად, ქვეყანამ მოიხადა ბოდიში და არა - პიროვნულად ბიძინა ივანიშვილმა. ეს ცუდი პრეცედენტია, მით უმეტეს ცუდია, როცა ეს ხდება ისეთ მეგობარ და სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანასთან ურთიერთობაში, როგორც აზერბაიჯანია. თბილისს ბაქოსთან პრობლემა არაფრის გამო შეექმნა. კარგია, რომ ეს პრობლემა მოგვარდა, მაგრამ ჯობდა, ასეთ პრეცედენტს ადგილი საერთოდ არ ჰქონოდა. ამის შემდეგ გაკეთდა განცხადება სომხეთში, რომლებმაც ისევ კიდევ უფრო მეტი კითხვის ნიშნები გააჩინა. საუბარია აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენაზე და იმაზე, რომ თურმე საქართველოს სომხეთის ურთიერთობები ნატო-სთან და რუსეთთან საქართველოსთვის სამაგალითოა. აფხაზეთის გავლით რკინიგზის გახსნაზე როდესაც ვსაუბრობთ, არ უნდა გამოგვრეჩეს, რომ გარდა სომხეთის, რუსეთის და ირანის ინტერესებისა, გასათვალისწინებელია აზერბაიჯანის, თურქეთის აშშ-სა და სხვათა ინტერესები. ეს სერიოზული გეოპოლიტიკური საკითხია, რომელიც საქართველო-სომხეთის ორმხრივ ურთიერთობების ფარგლებს ძალიან სცილდება. ამ განცხადებით ჩვენ სომხეთთან რაღაც ვალდებულებები ავიღეთ, მაშინ როდესაც ეს ძირითადად მოსალაპარაკებელია რუსეთთან. რკინიგზის საკითხი ძალიან რთული თემაა და საქართველოსთვის არაერთ უმნიშვნელოვანეს საკითხს ეხება. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ასეთი ტიპის გადაწყვეტილებების შესახებ ქართულ საზოგადოება არ უნდა იგებდეს პრემიერის სომხეთის ვიზიტის დროს. ეს თემა მოითხოვს ადგილზე სერიოზულ განხილვას და იმ გადაწყვეტილებას, რომელიც პოლიტიკურ და საზოგადიობრივ სპექტრთან კონსულტაციების საფუძველზე იქნება მიღებული.

როცა საუბარია ევროატლანტიკურ არჩევანზე, ქვეყნის მოდელზე, სახელმწიფოს საზოგადოებასთან ურთიერთობის მოდელზე და მათ შორის საზოგადიებისთვის საგარეო პოლიტიკის ღიაობაზე. ისეთი სახელმწიფოსთვის, როგორიც საქართველოა, საგარეო პოლიტიკის საკითხებში საზოგადოებასა და პოლიტიკურ ძალებს შორის ძალიან ფართო თანამშრომლობას მოითხოვს. ამ საკითხებზე ფართო დიალოგი ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებას აშკარად აკლია. ძალიან დიდ პატივს ვცემ ჩვენი მეზობელი სომხეთის არჩევანს, მაგრამ ჩემთვის მართლაც გაუგებარია, რანაირად შეიძლება იყოს საქართველოსთვის მისაბაძი სომხეთის საგარეო პოლიტიკა, რომლის მიზანი არ არის ნატო-ში გაწევრაინება, რომელსაც შეიარაღებული კონფლიქტი აქვს მეზობელ აზერბაიჯანთან, უაღრესად რთული ურთიერთობა აქვს ნატო-ს წევრ თურქეთთან და ფაქტობრივად დაკარგული აქვს საკუთარი საზღვრის დამოუკიდებლად კონტროლის უფლება. რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარია, რას გულისხმობდა პრემიერ-მინისტრი ამ განცხადებაში. თუ პრემიერს რუსეთთან და ნატო-სთან წარმატებული თანამშრომლობის მაგალითის მოყვანა უნდოდა, მას შეეძლო ბალტიის ქვეყნების მაგალითი მოეყვანა, რომლებიც შევიდნენ ნატო-ში და სწორედ ამ გზით მოაგვარეს ურთიერთობები რუსეთთან.

ამ ტიპის განცახდებები რომ ქვეყნისთვის საზიანოა, ფაქტია. გარდა ამისა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ძალიან ბევრი დრო იკარგება კინკლაობაზე, მთავარი საკითხები და საფრთხეები კი, გვერდზე გვრჩება. იმის ნაცვლად, რომ უცხოური ვიზიტებისას ტრიბუნებს ვიყენებდეთ საგარეო საფრთხეების გასანეიტრალებლად, ეს ტრიბუნები ერთმანეთის საკრიტიკოდ გამოიყენება. კიდევ ერთი ფაქტორი, რის გამოც ქვეყნის საგარეო ფაქტორს საფრთხე შეიძლება დაემუქროს ის გახლავთ, რომ ქვეყნის შიგნით, განსაკუთრებით რეგიონებში არასაკმარისი საინფორმაციო მუშაობა მიმდინარეობს ნატო-სა და ევროპული სტრუქტურების შესახებ. ეს ისეთი თემაა, რომელიც მუდმივ მუშაობასა და ახსნა-განმარტებას საჭიროებს.

- დაახლოებით სამი კვრის წინ ივანიშვილმა ყველა მინისტრს დაავალა ერთი მოადგილის გამოყოფა, რომელთაც ევროპასთან ინტეგრაციის დაჩქარება დაევალათ. გავრცელებული ინფორმაციით, ამ ჯგუფს საგარეო საქმეთა ექსმინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი ხელმძღვანელობს. ახალი ხელისუფლების ეს ნაბიჯი სულაც არ მიუთითებს საგარეო კურსის ცვლილებაზე, თქვენ ასე არ ფიქრობთ ?

- მე არ მითქვამს, რომ ივანიშვილმა ქვეყნის საგარეო კურსი შეცვალა. ხაზს ვუსვამ, ჩვენ იმდენად რთულ ვითარებაში ვართ და მსოფლიოში პროცესები იმ დინამიკით მიმდინარეოპბს, რომ ჩვენ შეცდომის დაშვების ფუფუნება არა გავქვს. ნებისმიერი შეცდომა და მის გამოსწორებაზე დაკარგული დრო და ძალისხმევა ძალიან ძვირად შეიძლება დაგვიჯდეს და სწორედ ამან შეიძლება დაგვაშოროს მთავარ მიზანს. ჩვენ ფეხს ხშირად სწორ ადგილზე და იქ ვიმტვრევთ, სადაც ფეხის მოტეხვის თავიდან აცილება შესაძლებელია.

- ევროსაბჭოს მიერ მედიასთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლიციაში საქართველო ორჯერ კრიტიკულ კონტექსტში იქნა მოხსენიებული. ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ წინა ხელისუფლება საერთაშორისო ასპარეზზე ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს ჩადის. თქვენი აზრით, რამდენად ადეკვატურია ევროსაბჭოს რეზოლუციაში საქართველოს შესახებ გაკეთებული ჩანაწერები ?

- აქაც მგონია, რომ ჩაკეტილ წრეზე ვტრიალებთ, ესეც წინა საკითხის გაგრძელებად მიმაჩნია და ისევ იმას უკავშირდება, რაც ჩვენ გვინდა ჩვენივე საგარეო კურსისგან. იგივე დამოკიდებულება შეიმჩნევა 2012 წლის ბოლოს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საკმაოდ მკაცრ შეფასებებთან მიმართებაში. მესმის, რომ საერთაშორისო სტრუქტურებს რაღაცაში შეიძლება დავეთანხმოთ, რაღაცას არ დავეთანხმოთ, მაგრამ ჩვენ არა გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ამ ტიპის დოკუმენტებში მხოლოდ ბევრი მინუსები დავაგროვოთ. ეს ყველაფერი სწორედაც რომ ევროატლანტიკურ ინტეგრაციას შეუშლის ხელს და შეაფერხებს. ჩვენ გვახსოვს, როგორ მოუტრიალდა ქვეყანას ბუქარესტის ნატო-ს სამიტზე იმავე სტრუქტურების რეაქცია 2007 წლის მოვლენებზე. ფაქტია, რომ ახალმა ხელისუფლებამ რაღაც-რაღაცეები უნდა ისწავლოს. მარტო იმის ძახილი, რომ ევროსაბჭოში ვიღაცეებმა ქვეყნის წინააღმდეგ იმუშავეს, საქმეს არ შველის. შენიშვნა სხვის მუშაობას კი არა საკუთარ არასაკმარის მუშაობას უნდა დააბრალო.

- ეს გასაგებია, მაგრამ რა უნდა ვიფიქროთ, ევროსაბჭო არ ფლობს ინფორმაციას, რომ საზმაუწყებელის ხელმძღვანელი გია ჭანტურია თავისი სურვილით გადადგა თანამდებობიდან, რომ მისი ხელმძღვანელობის დროს საზმაუწყებელს 3 მილიონ ლარზე მეტი აღმოჩდა სახელმწიფოს წინაშე დავალიანება, რომ მისივე მმართველობის პერიოდში მაუწყებელს სახელმწიფომ მილიონობით ლარი აპატია და ასე შემდეგ. ცხადია, რომ თუ ეს ყველაფერი ევროსაბჭომ არ იცის, ეს ახალი ხელისუფლების ბრალია, მაგრამ ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ქვეყნის გარეთ პრეზიდენტისა და წინა ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების ქმედებები აშკარად ანტისახელმწიფოებრივ ხასიათს ატარებს. თქვენს ასე არ ფიქრობთ ? და კიდევ, გავიმეორებდი წინა კითხვის მეორე ნაწილს - რამდენად ადეკვატურია ევროსაბჭოს რეზოლუციის ის ნაწილი, რომელიც საქართველოს ეხება ?

- სწორედ იმას ვამბობ, რომ საგარეო პოლიტიკას ცოტა მეტი ყურადღება სჭირდება. ამაზე პირდაპირი მითითება იყო ევროკავშირიდანაც. ქალბატონმა ქეტრინ ეშტონმა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა - მას ესმის, რომ ქვეყანას ბევრი შიდა პრობლემა აქვს, მაგრამ ახალმა ხელისუფლებამ მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს ქვეყნის საგარეო გამოწვევებს. ევროსაბჭოს რეზოლუციაში გაკეთებული ჩანაწერი მიუთითებს, რომ ახალმა ხელისუფლებამ ევროსაბჭოსთან მეტი უნდა იმუშაოს. მუშაობის სხვადასხვა ფორმები არსებობს, მარტო სესიაზე ჩასვლა რომ არ კმარა, ხომ ფაქტია. პირადად მე, საქართველოში იმ მომხსენებლებს ჩამოვიყვანდი და ადგილზე გავაცნობდი არსებულ ვითარებას, ვინც ევროსაბჭოს უკანასკნელი რეზოლუცია მოამზადა. ახალი ხელისუფლება რომ ამ ევროსტრუქტურებთან ვერ ან არ მუშაობს, იმიტომაცაა რომ ვამბობ - საგარეო კურსს საფრთხე ემუქრება. რეზოლუციაში შეიძლება ბევრი რამ არასწორი ეწეროს, მაგრამ ეს რომ ასეა, ჩვენი ახალი ხელისუფლების ბრალია და სხვისკენ მითითება არა სწორია.

- მოსკოვში მცხოვრებმა საქართველოს უშიშროების ექსმინისტრმა ვალერი ხაბურზანიამ განაცხადა, რომ პოლიტიკური საქმიანობის დაწყებასა და პრორუსული მიმართულების პარტიის შექმნას გეგმავ. იგი იმედოვნებს, რომ პოლიტიკურ ასპარეზზე წარმატება ექნება. თქვენ როგორ აღიქვით ხაბურზანიას ეს განცხადება და თქვენი აზრით, რამდენად რეალიზებალი შეიძლება აღმოჩნდეს მისი პოლიტიკური გეგმები ?

- დემოკრატიულ სახელმწიფოში ყველაფერი შეიძლება. მეორე საკითხია, მორალურად და იდეოლოგიურად რამდენად მისაღებია ქართული საზოგადოებისთვის პრორუსული ორიენტაცია. საქართველოში აქტიურად საქმიანობდა კომუნისტური პარტია პანტელეომონ გიორგაძის ხელმძღვანელობით, მაგრამ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია ერთი წამითაც არ შეჩერებულა. ყველაფერი დამოკიდებულია ამ თემებისადმი საზოგადოების განწყობაზე.

თუ ჩვენს საინფორმაციო სივრცეში არ გააქტიურდა მუშაობა იმაზე, თუ რა სიკეთეს მოიტანს საქართველოს ნატო-სა და ევროსტრუქტურებში გაწევრიანება, ძალიან ბევრი მსურველი გამოჩნდება იმისა, რომ რუსულ ვექტორის სიკეთეებზე ისაუბროს. რუსეთთან ჰუმანიტარული ურთიერთობების აღდგენას საინფორმაციო პროპაგანდაც მოჰყვება, რომელიც საქართველოს ევროპული არჩევანის წინააღმდეგ იმიშავებს. ეს საფრთხეები რეალურია. საქართველოს საგარეო კურსის შეცვლა არც პრეზიდენტსა და არც პრემიერ-მინისტრს, არც მთავრობას არ შეუძლია. ამის გაკეთება შეუძლია მხოლოდ ქვეყნის მოსახლეობას. თუ საზოგადოებაში განწყობა შეიცვალა, მაშინ პრორუსული პოლიტიკური გემოვნების მსგავს ადამიანებს თავისი პოლიტიკური გეგმების რეალიზება არ გაუჭირდებათ. როცა კურსის ცვლილების საფრთხეებზე ვსაუბრობ, სწორედ იმას ვგულისხმობ, რომ დაუშვებელია ქვეყნის ახალმა ხელისუფლებამ უარი თქვას ევროპულ სტრუქტურებთან აქტიურ თანამშრომლობაზე. მე და ჩემი კოლეგები არ ვამბობთ, რომ ახალ ხელისუფლებას უკვე დღესა აქვს ქვეყანას საგარეო კურსი შეცვლილი, ჩვენ ვამბობთ, რომ დასავლეთთან აქტიური თანამშრომლობის შეფერხებამ შეიძლება გამოიწვიოს საგარეო კურსის ცვლილება.

"ინტერპრესნიუსი"

www.interpressnews.ge

ექსკლუზივი

  • 1
  • 2
  • 3
  • 4

უახლესი პუბლიკაცია

სახელმძღვანელო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ატაშეებისა და წარმომადგენლებისათვის


* * *

Religion as the Instrument of Russian Foreign Policy towards Neighboring Countries
(Georgia, Latvia, Ukraine)

* * *

ჩემი უფლებები და მოვალეობები

* * *

"Soft Power" - რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია საქართველოსთან მიმართებაში

* * *

The Humanitarian Dimension of Russian Foreign policy TOWARD GEORGIA, Moldova, Ukraine, and the Baltic States

 

ICGS მულტიმედია

ჩვენი არხი youtube -ზე

პარტნიორები

 

მთვლელები


Каталог webplus.info

Login Form