პარასკევი, მარტი 29, 2024
   
Text Size

კადაფი განწირულია, ახლა მთავარია, დაწყებული ოპერაცია გრძელვადიან ომში არ გადაიზარდოს

კადაფი განწირულია, ახლა მთავარია, დაწყებული ოპერაცია გრძელვადიან ომში არ გადაიზარდოს ლიბიაში განვითარებულ პროცესებზე, მასზე საერთაშორისო თანამეგობრობის რეაქციასა და მოვლენათა განვითარების სავარაუდო სცენარებზე " ინტერპრესნიუსი" გეოპოლიტიკური კვლევების ცენტრის თავმჯდომარეს, თენგიზ ფხალაძეს ესაუბრა.

ბატონო თენგიზ, თითქმის 10 დღე დასჭირდა საერთაშორისო თანამეგობრობას ლიბიის საკითხში გადაწყვეტილების მისაღებად და ოპერაციის დასაწყებად. რატომ ვერ მიიღო საერთაშორისო თანამეგობრობამ გადაწყვეტილება დროულად და, სავარაუდოდ, რა შედეგით დასრულდება მოქალაქეების დაცვის მოტივით დაწყებული ოპერაცია ?

გადაწყვეტილება, რომელიც იქნა მიღებული, ნამდვილად საჭირო იყო. რა თქმა უნდა, მისი მიღება უფრო ადრე რომ მომხდარიყო, გაცილებით უკეთესი იქნებოდა. უდავოა, რომ ამ შემთხვევაში, ის შეაჩერებდა მსხვერპლისა და დაზარალებულთა რაოდენობის ზრდას და ნაკლებად მისცემდა კადაფის თავისუფალი მოქმედებების საშუალებას, რაც მას ჰქონდა კოალიციის მხრიდან ოპერაციის დაწყებამდე და გაეროს უშიშროების საბჭოს ცნობილი რეზოლუციის მიღებამდე.

მაგრამ, ეს ყველაფერი პროცესია, რომელიც სხვადასხვა მოთამაშესთან შეთანხმებას ითხოვს. თავიდანვე ნათელი იყო, რომ ლიბიის საკითხში გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრ ქვეყენებს შორის თავდაპირველი ხედვა ერთმანეთს არ ემთხვეოდა. სწორედ ამ განსხვავებული პოზიციების შეჯერებას დასჭირდა 10 დღე. საბოლოო ჯამში მისასალმებელია ის, რომ ამ გადაწყვეტილებას ბევრი მხარდამჭერი ჰყავს, რაც უკვე მიღებული გადაწყვეტილებისადმი სხვადასხვა ინტერპრეტირებას გამორიცხავს, როგორც ეს ერაყის შემთხვევაში იყო. ყველას ახსოვს, რომ აშშ-ს მიერ ერაყში დაწყებულ ოპერაციას მკვეთრად ნეგატიურად გამოეხმაურა მოსკოვი. ანალოგიურ შემთხვევას ჰქონდა ადგილი კოსოვოს შემთხვევაშიც. ლიბიის შემთხვევაში კი საერთაშორისო თანამეგობრობამ დაადასტურა, რომ იგი თანამედროვე მსოფლიოში დიქტატორულ რეჟიმებს ვერ დაუშვებს.

ლიბიაში საერთაშორისო ჩარევა კადაფის რეჟიმის პოლიტიკური სცენიდან წასვლით დამთავრდება. რამდენად ეფექტური იქნება ქმედება, ეს სამხედროებზეა დამოკიდებული, ანუ იმაზე, რამდენად სწორადაა დაგეგმილი ოპერაცია სტრატეგიულად და ტაქტიკურად და რამდენად სწორად შესრულდება ის. იმედი მაქვს, ამ მხრივ ეს გათვლები ისე გაკეთდება, როგორც უნდა იყოს.

სამხედრო ოპერაცია კადაფის რეჟიმის წასვლით დასრულდება. შემდგომში კი, ქვეყანაში უნდა ჩამოყალიბდეს პირობები არჩევნების ჩასატარებლად. ლიბია დღეს ცოტა უცნაურ მოდელზე მოწყობილი სახელმწიფოა. აუცილებელია ამ ქვეყანაში თანამედროვე სახელმწიფოსთვის დამახასიათებელი ინსტიტუტების ჩამოყალიბება. ჩემი აზრით, საერთაშორისო თანამეგობრობა ლიბიას ამ საქმეშიც ძალიან სერიოზულ დახმარებას გაუწევს.

უდავოა, რომ დიქტატორი უნდა დაისაჯოს, მაგრამ ლიბიაში სახმელეთო ოპერაციის ჩატარების გარეშე ძნელი იქნება კადაფის მმართვლობის დასრულება. ცხადია, რომ კადაფი ჰააგის სასამართლოში თავისი ფეხით არ წავა. სახმელეთო ოპერაციის ჩატარების გარეშე, რაზეც გაეროს რეზოლუციაში არაფერი წერია, მისი დაკავება პრაქტიკულად წარმოუდგენელია. კადაფის განცხადება იმის შესახებ, რომ პრეზიდენტი სარკოზი და პრემიერ - მინისტრი კემერონი ინანებენ ლიბიაში სამხედრო ოპერაციის დაწყებას, იმაზე მიუთითებს, რომ იგი დანებებას სულაც არ აპირებს...

რეზოლუცია არ ითვალისწინებს სახმელეთო ოპერაციის ჩატარებას, რაც უფრო ეფექტური იქნებოდა, მაგრამ ახლა ავიაცია ძირითადად კადაფის სტრატეგიულ ობიექტებს ბომბავს. ავიაციის მოქმედების შედეგად მწყობრიდან გამოვა სამხედრო ინფრასტრუქტურა. გარდა ამისა, სავარაუდოდ, გარკვეული დახმარება გაეწევათ ოპოზიციურ ძალებს, რომლებიც ამ ბრძოლას საკუთარი ძალებით განახორციელებენ. მაგრამ საერთაშორისო დახმარება ამ შემთხვევაში, შესაძლოა, იყოს სხვაგვარიც, რაც ამ ბრძოლაში არაპირდაპირ ჩართულობაში გამოიხატება. ლიბიაში სამხედრო ოპერაციის დაწყებას ფსიქოლოგიური ეფექტიც აქვს. კადაფის წინააღმდეგ ბრძოლაში არაბული ლიგის ჩათვლით მთელი საერთაშორისო საზოგადოება ჩაერთო. ეს გარკვეულ განხეთქილებას შეიტანს კადაფის მომხრეებშიც. უკვე ნათელია, რომ კადაფი განწირულია. დარწმუნებული ვარ, გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც მიხვდებიან, რომ არ ღირს იმ გემზე დარჩენა, რომელიც ჩაძირვისთვის განწირულია.

რაც შეეხება იმას, რომ კადაფი სარკოზის და კემერონს ემუქრება, ესეც ბუნებრივია. ჩვენ კარგად გვახსოვს ერაყის ოპერაციის დაწყების წინ სადამ ჰუსეინის განცხადებები. ჩემი აზრით, ლიბიაში ყველაფერი იმით დასრულდება, რომ კადაფის რეჟიმი პოლიტიკური სცენიდან წავა. ახლა მთავარია, ყველაფერი მაქსიმალურად მოკლე დროში მოხდეს. რამდენად ეფექტური აღმოჩნდება საერთაშორისო ოპერაცია, სამხედრო ოპერაციის შემუშავების ხარისხსა და შესრულებაზე იქნება დამოკიდებული. სათუო პერსპექტივაა, რომ გაეროს უშიშროების საბჭო კიდევ ერთხელ შეიკრიბება და სახმელეთო ოპერაციის ჩატარების შესახებ ნებართვას გასცემს. გასათვალისწინებელია, რომ ამგვარ გადაწყვეტილებას გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი, რუსეთი მხარს არ დაუჭერს. სავარაუდოდ, ლიბიაში მოქმედების უკვე არსებული ფორმატი დარჩება და სწორედ ეს უნდა იყოს მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენებული, რათა დაწყებული ოპერაცია ფართომასშტაბიან და გრძელვადიან ომში არ გადაიზარდოს.

ლიბიის საკითხზე გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომამდე რუსეთმა, სხვა წამყვანი ქვეყნების მსგავსად, რუსულ ბანკებში კადაფისა და მისი ოჯახის წევრების ანგარიშები გაყინულად გამოაცხადა და ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. მაგრამ შემდგომ, ჩინეთისა და გერმანიის მსგავსად ლიბიის წინააღმდეგ მკაცრი რეზოლუციის მიღებას მხარი არ დაუჭირა. რუსეთის საგარეო უწყებამ ლიბიაში სამხედრო ოპერაციის დაწყების გამო მწუხარება გამოთქვა. რას უკავშირდება ლიბიის საკითხში რუსეთის ორაზროვანი პოზიცია ?

ახალი არ არის, რომ რუსეთს ლიბიასა და არაბულ ქვეყნებში პოლიტიკურ-ეკონომიკური ინტერესები აქვს. რუსეთის პოლიტიკურ ელიტას საკმაოდ კარგი ურთიერთობები აქვს კადაფისთან. ამიტომ იყო, რომ უშიშროების საბჭოზე კადაფის წინააღმდეგ მკაცრ განცხადებებს მოერიდა. რუსეთი ერთ-ერთი ბოლო ქვეყანა იყო, რომელიც შეუერთდა კადაფის ოჯახის წევრებისადმი დაწესებულ სანქციებს და განაცხადა, რომ გაყინა რუსეთში კადაფის ანგარიშები და მას და მისი ოჯახის წევრებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. მაშინ, როცა ყველა აღიარებს, რომ კადაფის რეჟიმი ანაქრონიზმია, რუსეთს არ სურს საერთაშორისო თანამეგობრობის წინააღმდეგ წასვლა, მაგრამ არც მკვეთრ განცხადებებს აკეთებს. უშიშროების საბჭოზე რუსეთმა თავისი ვეტო არ გამოიყენა, რითაც დაადასტურა, რომ მას არც მწვადის დაწვა უნდა და არც შამფურის. მოსკოვმა ლიბიურ მხარესთან სასაუბროდ გზა მაინც დაიტოვა.

ლიბიის კრიზისმა დაგვანახა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმი სრულყოფილებისგან შორსაა. ვიდრე თითქმის ბოლო აჯანყებულს კადაფმა ტყავი არ გააძრო, გადაწყვეტილება ვერ იქნა მიღებული. გარდა ამისა, საერთაშორისო თანამეგობრობის მოქმედება ხშირ შემთხვევაში ორმაგი სტანდარტებისადმი მიდრეკილებას ამჟღავნებს. რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით გაეროს რეზოლუცია დღემდე არ აქვს მიღებული. გაეროს მაშინაც არაფერი გაუკეთებია, როცა აფრიკულ ჩადში 300 ათასი ადამიანი მოკლეს. როცა ჩინეთმა ტიბეტში რეპრესიული მანქანა სრულად აამოქმედა, როცა რუსეთი გროზნოს ბომბავდა და ასე შემდეგ. ყველაფერი ეს იმაზე ხომ არ მიუთითებს, რომ უსაფრთხოების საერთაშორისო სისტემა რეალურად არც არსებობს ან სერიოზული ნაკლოვანებები აქვს ?

თუ რამდენად ეფექტურია უსაფრთხოების საერთაშორისო სისტემა და რამდენად მორგებულია ის რეალობას, თანამედროვე მსოფლიოს პრობლემაა. დღეისათვის მსოფლიოს უსაფრთხოების თანამედროვე სისტემა სერიოზულ ტრანსფორმაციას განიცდის. უსაფრთხოების ის სისტემა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბდა, მათ შორის გაერო და გაეროს უშიშროების საბჭო, მაინც ურთიერთდაპირისპირებული ორი ბლოკის და ორი სიმძიმის ცენტრის, ზოგადად, დასავლეთისა და სოციალისტური ბანაკის არსებობას უკავშირდებოდა და მასში ძალთა თანაფარდობა საკმაოდ დაბალანსებული იყო.

ის, რომ რუსეთსა და ჩინეთს გაეროს უშიშროების საბჭოში ვეტო-ს უფლება აქვს, სწორედ იმ პერიოდიდან მოდის. სხვათა შორის, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ჩინეთიც სოციალისტურ ბანაკს მიეკუთვნებოდა და ყველასთვის ცნობილი იყო მისი ლიდერის დამოკიდებულება სტალინისადმი. ეს ყველაფერი იმ პერიოდში ჩამოყალიდბდა. სისტემა, რომელიც ომის შემდგომი, "ცივი ომის" პერიოდსა და ორ ბანაკად გაყოფილ მსოფლიოში შეიქმნა, შესაძლოა იმ პერიოდისთვის იყო კარგი, მაგრამ ახლა, როცა სოციალისტური ქვეყნები რეალურად არ არსებობენ და ჩინეთიც აღარაა ძველი გაგებით კომუნისტური, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბებული უსაფრთხოების საერთაშორისო სისტემა ცხადია, ნაკლებად ეფექტურია. ახლა მოსკოვისა და პეკინის ინტერესებში სერიოზული განსხვავებებია. რევანშისტული განწყობების მიუხედავად, რომელიც რუსეთშია, დღევანდელი რუსეთიც აღარაა საბჭოთა კავშირი.

მყიფე ბალანსის ის მექანიზმი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბდა, დღევანდელი რეალობისთვის მთლად მორგებული აღარ არის. საფრთხეები, რაზეც დღევანდელ მსოფლიოს უწევს რეაგირება, თვისობრივად სხვა ხასიათისაა. განსხვავება მასშტაბებში, შესრულების ფორმებში, სისწრაფესა და განვითარების ტემპებშია. მეოცე საუკუნეში ვერავინ იფიქრებდა, რომ 2001 წელს ნიუ-იორკში შესაძლებელი იყო ისეთი ტერაქტის მოწყობა, რომლის მომსწრე 11 სექტემბერს მთელი მსოფლიო იყო. ისიც ფაქტია, რომ ასეთ მოვლენებზე რეაგირებას თანამედროვე მსოფლიოც სწავლობს.

ჩვენ თუ დინამიკას გადავხედავთ, ყველაფერი იქით მიდის, რომ უსაფრთხოების თანამედროვე სისტემაში სერიოზულ ცვლილებებს უნდა ველოდოთ. აქამდე ასეთ საკითხებზე ვერანაირ გადაწყვეტილებებს ვერ ღებულობდნენ. ცნობილია, ერაყში საომარი მოქმედებების დაწყებასთან დაკავშირებით აშშ-ს რა დიდი წინააღმდეგობა ჰქონდა. დღეისათვის ლიბიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებას 10 დღე დასჭირდა, მაგრამ გადაწყვეტილება მაინც იქნა მიღებული.

კობა ბენდელიანი

"ინტერპრესნიუსი"

ექსკლუზივი

  • 1
  • 2
  • 3
  • 4

უახლესი პუბლიკაცია

სახელმძღვანელო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ატაშეებისა და წარმომადგენლებისათვის


* * *

Religion as the Instrument of Russian Foreign Policy towards Neighboring Countries
(Georgia, Latvia, Ukraine)

* * *

ჩემი უფლებები და მოვალეობები

* * *

"Soft Power" - რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია საქართველოსთან მიმართებაში

* * *

The Humanitarian Dimension of Russian Foreign policy TOWARD GEORGIA, Moldova, Ukraine, and the Baltic States

 

ICGS მულტიმედია

ჩვენი არხი youtube -ზე

პარტნიორები

 

მთვლელები


Каталог webplus.info

Login Form