სამშაბათი, მარტი 19, 2024
   
Text Size

რაც შიდა ქართლში ხდება, ხელისუფლებისა და მისი დასავლელი პარტნიორების გარდა, საზოგადოების პოლიტიკური სიმწიფის გამოცდაა

რაც შიდა ქართლში ხდება, ხელისუფლებისა და მისი დასავლელი პარტნიორების გარდა, საზოგადოების პოლიტიკური სიმწიფის გამოცდააშიდა ქართლში რუსეთის ე.წ. სადემარკაციო პოლიტიკის მიზნებსა და ამოცანებზე, ასევე საქართველოს საგარეო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე "ინტერპრესნიუსი" გეოპოლიტიკური კვლევების ცენტრის თავმჯდომარეს, თენგიზ ფხალაძეს ესაუბრა.

- ბატონო თენგიზ, ქართულ საზოგადოებაში, პოლიტიკურ წრეებში ე. წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე სადემარკაციო სამუშაოების წარმოების გამო აჟიოტაჟი სავსებით გასაგები მიზეზების გამო არ ცხრება. მომხდარზე რუსეთს თავისი ახსნა - განმარტება აქვს, მაგრამ მაინც რჩება შთაბეჭდილება, რომ შიდა ქართლში რუსეთის აქტიურობა შემთხვევითი სულაც არ არის. თქვენი აზრით, რას უკავშირდება შიდა ქართლში რუსეთის სასაზღვრო ძალების აქტიურობა ?

- რა თქმა უნდა, შემთხვევითი არ არის და რუსეთი გააგრძელებს საქართველოზე ზეწოლას. იგი ეცდება, გამოიყენოს ყველა საშუალება იმის პროპორციულად, რამდენადაც წარმატებული იქნება საქართველო თავის დასავლურ ინტეგრაციაში. ჩვენ სულ ახლახან ძალიან სერიოზული დაპირება მივიღეთ, როდესაც ითქვა, რომ საქართველო აუცილებლად მოახდენს ვილნიუსში ევროკავშირის სამიტზე ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებას და იმივდროულად მიეცემა შანსი, უკვე მომავალ წელს ამ ხელშეკრულებას ხელი მოაწეროს. ამაზე რუსეთი თავისი ჩვეული ფორმებითა და ტაქტიკით პასუხობს. ამ თვალსაზრისით, რუსეთის ქმედებებსა და ტაქტიკაში არაფერი შეცვლილა.

რატომ მაინცადამაინც ახლა? სწორედ იმიტომ, რომ ახლა ევროკავშირის ვილნიუსის სამიტის წინ ბევრი რამ ხდება. ახლა არის ზუსტად ის პერიოდი, როდესაც ჩვენ გვაქვს საშუალება, მომხდარზე მოვახდინოთ საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების კონცეტრაცია და მაქსიმალურად გამოვიყენოთ ყველა ის ბერკეტი, რომელიც საქართველოს მეგობარი ქვეყნების სახით ჰყავს. მხედველობაში მაქვს ის, რომ ამ დღეებში მთელი მსოფლიოს ყურადღება მიპყრობილია ნიუ-იორკისაკენ, იქ მიმდინარეობს გაერო-ს გენერალური ასამბლეის სესია, სადაც საქართველოს საკმაოდ წარმომადგენლობითი დელეგაცია იმყოფება. ვფიქრობ, ეს არის საუკეთესო ტრიბუნა, სადაც საქართველოს შეუძლია გამოიყენოს და დააყენოს თავისი პრობლემა და რეალურად აღუდგეს წინ რუსეთის აგრესიას, მცოცავ ანექსიასა და ოკუპაციას, რომელსაც რუსეთის ფედერაცია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ახორციელებს.

ანალოგიური მცდელობა რუსეთს გაზაფხულზე ჰქონდა, როდესაც საქართველოში უნდა ჩამოსულიყო ჩრდილოატლამტიკური საბჭო და გაერო-ში უნდა განხილულიყო რეზოლუცია დევნილთა თავის სახლებში დაბრუნების შესახებ. მაშინაც სცადა რუსეთმა კუნთების თამაშის რეჟიმში საქართველოს დაშანტაჟება. მაშინ საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე პოზიციის შედეგად რაღაც სამუშაოები შეჩერდა, მაგრამ ახლა ისევ მიდის. რაც ახლა შიდა ქართლში ხდება, საქართველოს ხელისუფლებისა და მისი დასავლელი პარტნიორების გამოცდის გარდა, ქართული საზოგადოების ნებისა და პოლიტიკური სიმწიფის გამოცდაა.

- რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქართულ მხარეს შიდა ქართლში ვითარების პროვოცირებაში ადანაშაულებს. კოალიცია " ქართული ოცნების " პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა - " ქართული მხარე პროვოკაციაზე არ წამოეგება ". თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას განმარტებით, " რუსეთი საქართველოს ხელისუფლების პოზიციების სიმტკიცის გაგების პროცესშია და ჩვენ პროვოკაციებს არ ავყვებით ". კარგია, როცა ახალი ხელისუფლება მეტ სიფრთხილეს იჩენს, მაგრამ ფაქტია ისიც, რომ ამით არაფერი იცვლება. მეტიც, ცხინვალი მოსკოვის დახმარებით წარმატებით აგრძელებს ე. წ. საზღვრის მშენებლობას. თქვენი აზრით, რისი გაკეთება შეეძლო და არ გაუკეთებია ხელისუფლებას რუსულ - ოსური ქმედებების შესაჩერებლად ? და კიდევ, რამდენად საფუძვლიანად შეიძლება ჩაითვალოს დეპუტატ სერგო რატიანის განცხადება, რომ - მცოცავი ოკუპაცია ამჟამინდელი ხელისუფლების ბრალია ?

- იმ პროცესს, რაც ახლა შიდა ქართლში ხდება, დემარკაციას ვერანაირად დავარქმევდი, რადგან საერთოდ, დემარკაცია საერთაშორისო სამართლით ლეგიტიმური ქმედებების აღმნიშვნელი ტერმინია. ის კი, რაც ახლა იქ ხდება, რუსეთის არალეგიტიმური ქმედებები და ოკუპაციაა. როდესაც "დამნაშავეზე" ვსაუბრობთ, ყველა პოლიტიკურმა ძალამ თავისი წილი პასუხიმგებლობა უნდა იტვირთოს. ეს პროცესი არცDდღეს და არც გუშინ არ დაწყებულა. სამწუხაროდ, ჩვენ დიდი ხანია ამ პროცესების მოწმე ვართ. ყველამ ძალიან კარგად იცის ვის რა "წვლილი" მიუძღვის იმაში, რომ პროცესი ასეთნაირად წავიდა და არა სხვაგვარად.

ახლა რაც შეეხება იმას, თუ რისი გაკეთება შეძლო, რა გააკეთა და რა ვერ გააკეთა ხელისუფლებამ? ან, რა უნდა გაეკეთებია და არ გაუკეთებია. ეს არ არის ერთი ხელისუფლების ბრალი, სამწუხაროდ, ეს ის რეალობაა, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან მოყოლებული ყოველი ხელისუფლების პირობებში მწვავდებოდა. ასე რომ, ყველა ხელისუფლებას ძალიან სერიოზული პასუხიმგებლობა აკისრია იმაზე, რაც შიდა ქართლში ხდება. ახლა რაც შიდა ქართლში ხდება ამაზე პასუხიმგებლობის მარტო დღევანდელი ხელისუფლებისათვის აკიდება, სწორი არ იქნებოდა.

ახლა რაც შეეხება იმას, თუ რა უნდა გაეკეთებინა ხელისუფლებას? რუსეთის ფედერაციას ვერაგულ მოქმედებებში ალბათ ვერავინ გაეჯიბრება. მათ ეს ტაქტიკა ძალიან კარგად აქვთ დამუშავებული. ისევე როგორც 2008 წელს საბრძოლო მოქმედებები დაიწყო სწორედ მაშინ, როდესაც იყო ოლიმპიადა და მთელი მსოფლიოს ყურადღება პეკინისკენ იყო მიმართული. ახლაც, როცა მთელი მსოფლიოს ყურადღება სირიასა და კიდევ სხვა პრობლემებზეა მიმართული, რუსეთმა კარგად გამოიყენა იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ ეცადა საქართველოს დაჩაგვრა. ამიტომაც ვამბობ - ის, რაც ამდენი ხნის განმავლობაში ქართულმა დიპლომატიამ მოამზადა, ახლა უნდა გამოჩნდეს. საერთაშორისო არენაზე ახალი ახალი პოლიტიკური სეზონი გახსნილია. მხედველობაში მაქვს გაერო-ს ძალიან მაღალი დონის სესია, რომელიც დღევანდელ მსოფლიოში ყველაზე წარმომადგენლობითი ფორუმია. როგორ გამოიყენებს ამას ქართული დიპლომატია იმის მიხედვით შეიძლება ვილაპარაკოთ შედეგებზე. ზაფხული არც თუ ისეთი ხელსაყრელი იყო აქტიური და მწვავე რეაგირებისათვის. თუმცა, რაღაც და გარკვეული რეაგირებები ჩვენთან მიმართებაში მაინც იყო. ვისურვებდი, რომ ყველაფერი ეს იყოს უფრო მეტად ეფექტური. თუმცა, კარგად მესმის რომ, ყოველთვის ყველაფერი ისე არ გამოდის, როგორც ჩვენ გვინდა.

- პრეზიდენტმა სააკაშვილმა მთავრობას მოუწოდა, " თავი დაანებოს რუსეთთან კუდის ქიცინს ". მეტიც, ოპოზიციის წარმომადგენლები შიდა ქართლში რუსული მხარის მიერ ე. წ. სადემარკაციო სამუშაოების დაწყებას თბილისსა და მოსკოვს შორის დაწყებულ დიალოგსა და ქართული მხარის მიერ ოკუპანტთან აქტიური თანამშრომლობის რეჟიმში გადასვლას უკავშირებს. რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერის სპეცწარმომადგენელმა ზურამ აბაშიძემ არაერთხელ განაცხადა, რომ ოფიციალურ თბილისს მოსკოვთან დაწყებულ დიალოგში " რუსეთისთვის არაფერი დაუთმია და სავაჭრო ურთიერთობების აღდგენისთვის არც არაფერი გადაუხდია ". თქვენი აზრით, რამდენად საფუძვლიანია პრეზიდენტ სააკაშვილის ბრალდებები და რამდენად შეიძლება უკავშირდებოდეს შიდა ქართლში რუსეთის გააქტიურება კრემლთან ქართული მხარის მიერ დიალოგის დაწყებას ?

- ჩემი აზრით, ერთმანეთისაგან უნდა გავმიჯნოთ ორი რამ - აბაშიძესა და კარასინს შორის დიალოგი სხვა ფორმატში მიმდინარეობს და არ უკავშირდება ჩვენთვის ყველაზე მტკივნეულ საკითხებს. ეს ფორმატი სწორედ იმისათვის იქნა შერჩეული, რომ მოინახოს ურთიერთობებისათვის თუნდაც პატარა დერეფანი, რა ფორმატშიც მხარეებმა რაღაც თემებზე მაინც ისაუბრონ. ამ მიმართულებით გარკვეული წინსვლა არის, თუმცა ეს წინსვლა არანაირად არ აისახება მთლიანობაში საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე, ვინაიდან სხვა მიმართულებებზე რუსეთი თავის ძველ პოლიტიკას აგრძელებს. რუსეთის ქმედებები აბსოლუტურად აქარწყლებს და აფერმკრთალებს იმ ძალიან პატარა პროგრესაც კი, რომელიც შეიძლება გამოიხატოს რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის დაბრუნებაში.

არა მგონია, რომ საქართველოს ხელისუფლება რაიმე საფასურს იხდიდეს. ჩვენ საფასურს ვიხდით არა დიალოგისათვის, არამედ სხვა რაღაცებისათვის, მათ შორის ჩვენს მიერ დაშვებული შეცდომებისათვის. მათ შორის იმისათვის, რომ გასული პოლიტიკური სეზონი, რომელიც ზაფხულში დასრულდა, ჩვენ საერათშორისო ტრიბუნა არა ერთხელ სათანადოდ ვერ გამოვიყენეთ იმისათვის, რომ გვესაუბრა ჩვენსავე მთავარ პრობლემაზე, გვესაუბრა ოკუპაციაზე, გვესაუბრა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებულ ქმედებებზე. ჩვენ საერთაშორისო არენა კოჰაბიტაციის პრობლემატიკასთან დაკავშირებული საკითხების გარეთ გასატანად და ერთმანეთის დასაჭამად გამოვიყენეთ. რასაც ახლა ვიმკით, სწორედ ამის შედეგია. როცა რუსეთი ხედავს, რომ საქართველოში პოლიტიკური ძალები არიან დაყოფილი, ძალიან დიდ დროს უთმობენ ერთმანეთთან ქიშპობასა და ერთმანეთთან დავას, ამით ის ყოველთვის კარგად სარგებლობს. საერთოდ, რუსეთმა ძალიან კარგად იცის როგორ უნდა განახორციელოს "დაყავი და იბატონეს" პოლიტიკა. ამიტომ, ამაზე უნდა იფიქროს აბსოლუტურად ყველამ, იმანაც ვინ ხელისუფლებაშია, და იმანაც, ვინც ოპოზიციაშია.

- ოპოზიციაში გადასული " ნაცმოძრაობის " ლიდერებისა და პარლამენტს გარეთ დარჩენილი ოპოზიციის ლიდერები ხშირად აკეთებენ განცხადებებს იმაზე, რომ " ახალი ხელისუფლების საგერეოპოლიტიკური კურსი გაურკვეველია ". მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი განცხადებები კეთდება, ახალი ხელისუფლება საერათაშორისო არენაზე პრაქტიკულად ყველა მიმართულებით საკმაოდ აქტიურობს. თქვენი აზრით, მართალაც გაურკვეველია თუ არა ახალი ხელისუფლების საგარეოპოლიტიკური კურსი და რაა იმის მიზეზი, რომ ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით ახალ ხელისუფლებას საკმაოდ კრიტიკული შენიშვნების მოსმენა უწევს ?

- ჩემი აზრით, გაურკვევლობა არაფერ შუაშია. ყველანაირი კითხვის ნიშანი, რომლებიც თავიდან არსებობდა, მგონი მოიხსნა. მითუმეტეს მას შემდეგ, რაც პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია ქვეყნის საგარეოპოლიტიკური პრიორიტეტების შესახებ. ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია და არ გახლავთ რიგითი რეზოლუცია და ფარატინა ქაღალდი. მეორეა, თუ რამდენად ეფექტურია ეს ყველაფერი, რასაც ჩვენ ვახორციელებთ. მოდით, შევხედოთ, თუ რაში გვაქვს პოზიტიური ნაბიჯები - უპირველეს ყოვლისა, ეს არის ევროპასთან და ევროკავშირთან ურთიერთობა. ხაზს უსვამ, იმას, რაც ბოლო პერიოდში გაჟღერდა, ამას სჭირდებოდა სერიოზული ბრძოლა, სერიოზული შრომა და აქტიურობა. ის, რომ საქართველო არა მხოლოდ პარაფირებას მოახდენს ვილნიუსის სამიტზე ევროკავშირის ასოცირების წევრობის შეთანხმებას, არამედ მას აქვს ექნება საშუალება მომავალ წელს მოაწეროს ხელი ამ შეთანხმებას, ეს ძალიან სერიოზული რამ გახლავთ, ვინაიდან ეს ასე უცებ საერთოდ არ ხდება ხოლმე. თუ ეს ყველაფერი უკვე დაგეგმილი გრაფიკით წარიმართა, ეს ქართული დიპლომატიის ძალიან სერიოზული წარმატება და დამსახურება იქნება.

ძალიან აქტიური ნაბიჯები გადაიდგა ნატო-სთან მიმართებაშიც. მე არ ვლაპარაკობ იმაზე, რომ საქართველოში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საბჭოს ვიზიტი შედგა. სულ რაღაც სამიოდე კვირის წინ ჩვენ ისტორიული ფაქტის მოწმენი გავხდით, რომლის მსგავსი არასოდეს არ მომხდარა საქართველოს ისტორიაში - ჩვენი ქვეყნის აკვატორიაში ნატო-ს დროშის ქვეს მცურავი გემი შემოვიდა. ბევრი ასეთი ნაბიჯები იდგმება. მეორე საკითხია, თუ რამდენად ახერხებს ხელისუფლება ყველაფერ ამის "გაპიარებას" და, რამდენად არის ყველა გადადგმული ნაბიჯი მწყობრი, ხომ არ არის ცალკეული პოლიტიკოსების განცხადებები ან ცალკეული ნაბიჯები დიდი სტრატეგიიდან გადახვევა.

მთავრობას პრაქტიკულ ასპექტში კიდევ ბევრი რამ აქვს დასახვეწი იმისათვის, რომ ყველა ნაბიჯი იყოს გათვლილი და არანაირი კითხვები არ არსებობდეს. ამას სჭირდება დრო, მუშაობა და კარგი იქნება თუ ოპონენტების კონსტრუქციული კრიტიკა მიმართული იქნება სწორედ ამისაკენ და არა ღია კარის მტვერევისაკე, თუ როგორი საგარეო პოლიტიკა გვაქვს, რასაც ბოლო დროს ხშირად ვხედავთ ხოლმე.

- კარგია, რომ ვილნიუსის სამიტზე საქართველო ევროკავშირის ასოცირებული წევრობის შეთანხმებას უკრაინასთან და მოლდოვალსთან ერთად მოაწერს ხელს. ამ თემაზე ევროკავშირის ლიდერთა განცხადებები ტოვებს იმის შთაბეჭდილებას, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან მიმართებაში ევროკავშირის გააქტიურება პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის გააქტიურებას უკავშირდება. ასეთ ვითარებაში ვილნიუსის სამიტამდე ქართული მხარე კიდევ უფრო დიდ პროვოკაციას ხომ არ უნდა ელოდოს, ვიდრე შიდა ქართლში ე. წ. სადემარკაციო სამუშაოების წარმოებაა ?

- ამ მხრივ რუსეთის ფანტაზიას ლიმიტი არ აქვს. ძალიან საყურადღებოა ის, რომ რამოდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა პუტინმა კრემლში ვლადიმერ სურკოვი დააბრუნა, რომელიც ერთ-ერთი არქიტექტორი იყო იმ ე.წ. თანამემამულეთა პოლიტიკის, რომელსაც რუსეთი პოსტსაბჭოთა სივრეში ახორციელებდა. პუტინმა სურკოვს საკურატოროდ ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი ჩააბარა. ჩემი აზრით, ეს ძალიან საშიში სიგნალია. ხელისუფლებამ უფრო მეტი დრო უნდა დაუთმოს და მეტი ყურადღება მიაქციოს ანალიტიკურ სამუშაოს და პრევენციული მექანიზმების შექმნა-ამოქმედებას. იმიტომ რომ, ასეთი საშიში ადამიანები მაქსიმალურად ეცდებიან რეგიონში სიტუაციის დაძაბვას. საუბრის დასაწყისში ვთქვი და გავიმეორებ, ყველაფერი ეს ჩვენი ნერვების გამოცდაა. ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ საქართველო ჩათრეულ იქნას ახალ კონფრონტაციაში. რუსეთი ძალიან კარგად ხედავს, რომ თუ საქართველომ 1,5-2 წელი ბეწვის ხიდზე ისე გაიარა, რომ მისი ახალ კონფრონტაციაში ჩათრევა არ მოხდა, მაშინ სამშვიდობოს იქნება გასული და კრემლს თეორიული შანსიც კი არ დარჩება, ის ოდესმე დაბრუნდება რუსეთის პოლიტიკური გავლენის სივრცეში. ამიტომ ჩვენ რუსეთისაგან მაქსიმალურ ზეწოლახ სწორედ ამ პერიოდში უნდა ველოდოთ. ასე რომ, ჩვენ ამისთვის უნდა ვიყოთ მზად.

თარიღი:24-09-2013

ავტორი: კობა ბენდელიანი

წყარო: "ინტერპრესნიუსი"

ექსკლუზივი

  • 1
  • 2
  • 3
  • 4

უახლესი პუბლიკაცია

სახელმძღვანელო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ატაშეებისა და წარმომადგენლებისათვის


* * *

Religion as the Instrument of Russian Foreign Policy towards Neighboring Countries
(Georgia, Latvia, Ukraine)

* * *

ჩემი უფლებები და მოვალეობები

* * *

"Soft Power" - რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია საქართველოსთან მიმართებაში

* * *

The Humanitarian Dimension of Russian Foreign policy TOWARD GEORGIA, Moldova, Ukraine, and the Baltic States

 

ICGS მულტიმედია

ჩვენი არხი youtube -ზე

პარტნიორები

 

მთვლელები


Каталог webplus.info

Login Form